logo
ENG



ინსპექტორი: შეწყვიტეთ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი კადრების გასაჯაროება

11 ნოე 202115:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/11/0116gqvq9nicdom.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 

ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნულ ფაქტზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

"იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამათან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვიდეოკადრების გავრცელება ხელს უშლის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. 

"გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით.

იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას", - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა


close დახურვა