logo
ENG



ინფექციური საავადმყოფოდან 6 ადამიანი გვიან ღამით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

28 თებ 202009:01
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან 6 ადამიანი გვიან ღამით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ამჟამად კლინიკაში 15 პაციენტი რჩება. ბოლოს შესულ სამ ადამიანს ანალიზებს დღეს აუღებენ. მათ შორის ერთი მესაზღვრეა.

რაც შეეხება კორონავირუსის მატარებელ პაციენტს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ დაუდასტურდათ, კარანტინში დაკვირვების მიზნით 14 დღე უნდა გაატარონ.  

"ვინც დარჩნენ მათგან 9 აქვს აღებული ანალიზი და ველოდებით პასუხს. 3 პაციენტი გვიან შემოვიდა და მათ მერე აუღებენ ანალიზებს. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. თავს კარგად გრძნობს და არაფერი აღენიშნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სიტუაციას სერიოზულად მიიჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ პანიკის საფუძველი საქართველოში არ არსებობს. გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"სიტუაცია გლობალურად სერიოზულია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. გლობალურად ეს სიტუაცია ვერ შეედრება სხვა უფრო მსგავსი ინფექციებს, თავისი დამაზიანებელი ეფექტით საზოგადოებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. 


close დახურვა