logo
ENG



ინფორმაციის ინტერნეტში ძებნისთვის ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გამოკითხეს

28 სექ 202017:53
3 წუთის საკითხავი
clock 1273
kqpdn7z18wjpnd8.png

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს

ლუბარეცი ამბობს, რომ მას ბაჩალიაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი მხოლოდ გარდაცვლილი პროგრამისტის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებაა. 

ლუბარეცი ამბობს, რომ პროკურატურამ მას მობილური ტელეფონი უსაფუძვლოდ ჩამოართვა და რომ ეს მის პირად ინფორმაციაში შეღწევის მცდელობაა. 

"მითხრეს, რომ რაღაცები დამისერჩავს, რაც არ უნდა დამესერჩა (მომეძებნა). ერთ-ერთი ობიექტი არის ბაჩალიაშვილის საქმეში და მე საჯარო რეესტრის საიტზე ამ ობიექტს ვეძებდი. მითხრეს, რომ ამის გამო უნდა აიღონ ჩემი მობილური ტელეფონი და უნდა ნახონ ყველაფერი, რაც ინახება შიგნით. ყველა, ვინც რაღაც ინფორმაციას ეძებს, უნდა დაიბაროთ-მეთქი? კი, ვინც გამოჩნდება, უნდა დავიბაროთ და მათი ტელეფონები ვნახოთო. მითხრეს, ვილა ალგეთზე გქონდა დაკლიკულიო. არც ვიცოდი ამ ობიექტის შესახებ, მაუსით ვაჭერდი უბრალოდ რაღაც წერტილებს და ამის გამო ტელეფონი წამართვეს".- თქვა გიორგი ლუბარეცმა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა კი შიმშილობას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ მას მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არ შეხვდება. 

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მანქანაში მედიკამენტები აღმოჩნდა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები მანქანაში აღმოჩენილის იდენტურია. ასევე, გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. ასევე, საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტებს მოასმენინა ჩანაწერები, რომლებიც ბაჩალიშვილის დახურული იუთუბ არხიდან არის ჩამოტვირთული და რომელშიც ის წარუმატებლობასა და სიცოცხლის დასრულებაზე ლაპარაკობს. 

მის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია. 


close დახურვა