logo
ENG



იონათამიშვილი ამბობს, რომ დეგნანთან მეგობრობას "არ გააგრძელებს"

22 აგვ 202311:58
3 წუთის საკითხავი
 
იონათამიშვილი ამბობს, რომ დეგნანთან მეგობრობას "არ გააგრძელებს"

ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანი "იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გააგრძელებს".

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აზიანებს თუ არა სტრატეგიულ ურთიერთობებს ქართული ოცნების წევრების განცხადებები ელჩი დეგნანის მიმართ, რაზეც იონათამიშვილმა უპასუხა:

"ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, მათ შორის ნიკა მელიას და სხვა აქტორების განცხადებები, რომლებიც თუნდაც კელი დეგნანის მიმართ იყო დისკრიმინაციული კონტექსტებით გაჟღენთილი და გაჯერებული ამიტომ, ამ საკითხებზე მსჯელობა არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე ნებისმიერი მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ"- თქვა იონათამიშვილმა.

21 აგვისტოს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს კვლავ თავს დაესხა, მას "მავნებელი" უწოდა და თქვა, რომ ის, როგორც ელჩი "ვერ შედგა".

ზარქუას თქმით, დეგნანმა "შეცდომები" დაუშვა და ალბათ, იყო ერთ-ერთი "შემოქმედი", რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო.

ამ კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა კელი დეგნანის ინტერვიუს რადიო თავისუფლებასთან, სადაც ელჩმა ელექტრონული არჩევნების სისტემაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს.

მისი თქმით, აშშ-შიც ვნახეთ, ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი "სუფთა და სამართლიანი იქნება" - დეგნანმა განაცხადა, რომ მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს.


close დახურვა