logo
ENG



ირაკლი აბესაძე: ლევან იზორია ივანიშვილისგან ჯილდოს ან დასჯას ელოდება

01 თებ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ელჩად დანიშვნის პროცედურები ჯერ დაწყებული არაა. კითხვას კი, საერთოდ ინიშნება თუ არა ლევან იზორია გერმანიაში ელჩად, საგარეო უწყება არ პასუხობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიაში ახალი ელჩის დანიშვნის პროცედურები საერთოდ არ არის დაწყებული.

რამდენიმე დღის წინ მისი გერმანიაში ელჩად დანიშვნის შესახებ თავად ლევან იზორიამ განაცხადა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში თებერვალში გაემგზავრებოდა.

პროცედურულად საჭიროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს წარუდგინოს კანდიდატი და შესაბამისი თანხმობის შემდგომ მისი მონაცემები გადაიგზავნება უკვე გერმანიაში, შემდეგ უკვე საჭიროა გერმანიის რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების თანხმობა იმისთვის, რომ ელჩად დამტკიცდეს.

ლევან იზორიას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლევან იზორია თუ ელჩად არ დაინიშნა ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მას წინააღმდეგობა შეხვდა.

„თუ ლევან იზორია არ დაინიშნა და ამის ნიშნები უკვე არის. საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ დავეყრდნობით, თუ არ დაინიშნა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდათ გარკვეული ნეგატიური მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ადამიანის დანიშვნა ისეთ ქვეყანაში როგორიც არის გერმანია არ იქნებოდა მიზანშეწონილი,“ -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის განცხადებით, კი იზორიას ისტორია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის და დეგრადაციის ნათელი მაგალითია. აბესაძე აცხადებს, რომ იზორიას განცხადება ტყუილი აღმოჩნდა და ივანიშვილისგან ან ჯილდოს ან დასჯას ელოდება.

„იზორიას ეს ისტორია არის სახელმწიფო ინსტიტუტების მთლიანად ჩამოშლის და დეგრადაციის მაგალითი. დღეს ვხედავთ, რომ მისი ეს განცხადება ჩანს ტყუილი აღმოჩნდება და გერმანიაში ელჩად არ დაინიშნება. ამ რეალობაში შეუძლებელია ვისაუბროთ სახელმწიფო ინსტიტუტებში თანამდებობაზე ადამიანების შესაბამისი კვალიფიკაციით დანიშვნაზე, მისი ელჩობასთან შესაბამისობაზე და ა.შ. სინამდვილეში დღეს ის ელოდება ან ჯილდოს ან დასჯას, და ელოდება ამას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან და არა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.


close დახურვა