გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და "გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური და სხვა მრავალი მიმართულებით".
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს ექნება "მომავლის სამიტზე" და დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
"მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის", - ამბობს დავით ბაქრაძე.
ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს აშშ-ში გაემგზავრა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.