logo
ENG



ირაკლი ნადირაძის თქმით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

05 სექ 202400:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/zj59i7243wf6see.jpg

ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე თავისუფალია. მისი თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ნადირაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და მოჰყვა, რა ვითარებაში დააკავეს. მისი თქმით, როცა თანაგუნდელის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ადგილზე მივიდა, სადაც ვითარების გარკვევასა და ეძგვერაძის დაკავების მიზეზის გაგებას ცდილობდა. როგორც ნადირაძე ჰყვება, სწორედ ამ დროს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. 

"როცა დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ, ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რომ დრო გასულიყო და მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიისა, არასამთავრობო სექტორისა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. მანამ, სანამ გადამიყვანდნენ კონკრეტულ შენობაში, გაჩერებული ვყავდი აქედან დაახლოებით 100 მეტრში. როგორც ჩანს, ელოდებოდნენ მითითებებს, სად უნდა გადავეყვანე. როცა ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა დაკავებული და რას ელოდებოდნენ, ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, მაგრამ შემდეგ გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს იმ პირობით, რომ მალე, ალბათ, იქნება ჩვენი ადმინისტრაციული სასამართლო და ან ჩაგვსვამენ ორი კვირით, ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ქართულ ოცნებას სჩვევია", - აცხადებს ნადირაძე. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. ოპოზიციონერი მომხდარს ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას უკავშირებს.

"შარშან, დაახლოებით ამ დროს, ირაკლი ეძგვერაძეს, რომელიც ამჟამად არის გლდანის ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი და ხელმძღვანელი და ის ძალიან აქტიურად მუშაობს მათ შორის, კომისიების დაკომპლექტებაზე, საშტაბო მუშაობაზე, კამპანიაზე, მოხდა ასეთი პროვოკაცია და უნდა გაგახსენოთ, რომ შარშანაც, ზუსტად ამ ადგილას 70-მდე ბანდიტი დაესხა თავს სუს-ის ქართული ოცნების და პოლიციის დავალებითა და მეთვალყურეობით და ის ადამიანები, რომლებმაც იძალადეს ირაკლი ეძგვერაძეზე და მის მეგობრებზე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე ადამიანი იყო დასჯილი და ისინიც დღეს თავისუფლები არიან. 

მთავარი სამიზნე იყო ირაკლი ეძგვერაძე, გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იმიტომ, რომ ძალიან აწუხებთ ის, რომ ენმ, მათ შორის გლდანში, ტრადიციულად, ამარცხებდა ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას, ამ კრიმინალურ ბანდას, მისი მუშაობა არ მოსწონთ, როგორც ჩანს", - ამბობს ნადირაძე. 

რაც შეეხება ეძგვერაძეს, ნადირაძის თქმით, მისი გათავისუფლებისას უთხრეს, რომ ეძგვერაძეც უკვე თავისუფალია, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. 

"როგორც აღმოჩნდა, მომატყუეს. ფაქტია ერთი რამ, ქართული ოცნება არის ძალიან შეშინებული", - აცხადებს ნადირაძე. 

***

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო. 

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ "გლდანში, ივანიშვილის მილიციამ ირაკლი ეძგვერაძე მძევლად აიყვანა".


close დახურვა