ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
პრემიერმინისტრი ნიუ იორკში 20-25 სექტემბერს იქნება.
76-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნება, ირაკლი ღარიბაშვილი კი მის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ღარიბაშვილის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა "ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება".