კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე "უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაზე" ისაუბრა.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამო პრენიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკის "სწრაფ გაჯანსაღებას" გაუსვა ხაზი.
„ჩვენმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%, რაც იყო უპრეცედენტო არა მხოლოდ რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც, მაისის თვეში გვქონდა მაღალი ზრდა, 25%-მდე. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 15-დან 18%-მდე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება პირველ ექვს თვეში 12%-ით.
გაიხსნა თითქმის ყველაფერი ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით, ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი ტემპებით აღდგენა და გაჯანსაღება. გუშინ ბათუმში როცა ვიყავით, სავსე იყო ყველა კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით და არა მხოლოდ ბათუმი, ზოგადად ჩვენი ტურისტული ადგილები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 26 ადამიანი.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, თუკი მოცემული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საჭირო გახდება კვლავ შეზღუდვების დაწესება, ეს ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება.
მანდ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავრობამ ჩამოიტანა "იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო".
აქვე შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში ხარვეზებზე მოქალაქეები უკვე დიდი ხანია, საუბრობენ. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვებგვერდი ხშირად შეფერხებით მუშაობს, პრობლემურია სასურველ ვაქცინაზე რეგისტრაცია.