logo
ENG



ირაკლი შოთაძე: 2012 წლის შემდეგ პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გაძლიერდა

04 თებ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭოში ყოფილ გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორობის ახლანდელ კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენენ. საბჭომ მთავარი პროკურორი 15 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს.

ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძესთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა. როგორც წესი, როდესაც კანდიდატები გასაუბრებაზე მიდიან,  პრესსამსახურები ჟურნალისტებს აძლევენ უფლებას, რომ კანდიდატებთან ინტერვიუ ჩაწერონ, თუმცა პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ეს არ ისურვა.

ირაკლი შოთაძემ გასაუბრებისას განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გახდეს გენერალური პროკურორი. მან ისაუბრა იმ კრიტიკაზე, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან პროკურატურას მიემართება. შოთაძის განცხადებით, ეს კრიტიკა უსაფუძვლოა.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურისთვის მთავარ გამოწვევაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ ერგო პროკურატურას და ხალხში ისევ არსებობს განცდა და მოთხოვნა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. 

„ჩვენს ქვეყანაში პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა. თუ გავიხსენებთ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც გენერალური პროკურორი ამავდროულად იყო იუსტიციის მინისტრი, მთავრობის წევრი, პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა პრეზიდენტი. მსგავსი მოწყობა იყო უდიდესი ხარვეზი და როლის საპირისპიროდ გენერალური პროკურორი მოტივირებული იყო მაშინდელი მმართველი ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგით. 2012 წლის შემდგომ განხორციელდა ძირეული რეფორმა, რომელმაც უზრუნველყო პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და განმტკიცება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საპროკურორო  საბჭოში მიმდინარე გასაუბრებებს, როგორც წესი, ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია და არ ესწრება ხოლმე მას. ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს არის ფასადური და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძე მეორეჯერ გახდეს გენერალური პროკურორი. გასაუბრება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

მთავარი პროკურატურის წინ შეკრებილები არიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის კანდიდატურა არ უნდა დაიკავოს, რადგან მას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშნები უკავშირდება.

გასაუბრებები 27 იანვარს დაიწყო და საბჭოს წევრები ყოველდღე ორ კანდიდატს უსმენენ. 


close დახურვა