logo
ENG



ირაკლი შოთაძის არჩევამდე მხოლოდ ერთი ფორმალური პროცედურა დარჩა

07 თებ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი შოთაძის არჩევამდე მხოლოდ ერთი ფორმალური პროცედურა დარჩა. ყოფილი გენერალური პროკურორი ფაქტობრივად ისევ ძველ პოსტზეა, კენჭისყრაზე მას ხმა საპროკურორო საბჭოს 12 დან 11- მა წევრმა მისცა და ახლა პარლამენტში უალტერნატივო კანდიდატად არის წარდგენილი. შედეგები არავის გაჰკვირვებია, - პრეტენზიები პროცესის მიმართ შოთაძის ერთადერთმა კონკურენტმა გამოთქვა. დღევანდელი არჩევის მსგავსად, ადვილად პროგნოზირებადია, რა მოხდება პარლამენტში, მმართველი გუნდი დღიდან შოთაძის დასახელებისა, მას ღიად უჭერს მხარს. ხორავას ქუჩის საქმის გამო გადამდგარ შოთაძეს, არაერთი დარღვევა შეახსენეს დღეს საპროკურორო საბჭოსთან გამართული აქციით, მათ შორის ის, რომ გენ პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ბიზნეს დავებს არჩევდა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და საპროკურორო საბჭოს წევრი ანრი ოხანაშვილი არ მალავს, რომ სკანდალით წასულ პროკურორს მხარი დაუჭირა და მეტიც, 15 კანდიდატს შორის კეთილსინდისიერებით გამოარჩია. 

საპროკურორო საბჭოს ის 12 წევრი, რომელმაც შოთაძე გენერალურ პროკურორად გააფორმა, მედიასთან არ გამოჩენილა. საბჭოს თავმჯდომარის ნანა ხუნჯუას ფორმალური კომენტარი, პროკურატურამ თავად გაავრცელა. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არც იმ ერთადერთი კანდიდატისთვის ყოფილა, რომელმაც შოთაძეს ერთი ხმა წაართვა. 

შოთაძე ის მთავარი პროკურორია, რომელიც არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მას დღეს ხორავას ქუჩის ტრაგედია ბევრჯერ გაუხსენეს, როგორც მის სახელთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გამოუძიებელი საქმე.  

სანამ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის, მათ საკუთარი გადაწყვეტილება წერილობით უნდა დაასაბუთონ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი იღებს. მმართველი გუნდი არ მალავს, რომ მთავარ პროკურორად შოთაძეს მხარს დაუჭერს.


close დახურვა