მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს კიდევ უფრო დისტაციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კააკეთეს.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საჯარო და კერძო სექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ თანამშრომლებს რომელთაც დისტანციულად მუშაობა შეუძლიათ სახლში იმუშაონ, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ვირუსის გავრცელების რისკი.
„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა გამოცხადება, რომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადება აუცილებელი იქნება. უნდა გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ სამუშაო რეჟიმზე. აბსოლუტურ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთან მოუწევთ გადაადგილება იმისათვის, რომ მიბრძანდნენ სამსახურებში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 40 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1-ია. რაც შეეხება კარანტინში მყოფებს, მათი რაოდენობა 1344 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი იმყოფება.