logo
ENG



ირანი აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიშს უარყოფს

05 მარ 202616:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/05/cou3q6s57vv1jzx.jpg

ირანი აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიშს უარყოფს. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიზიმ გარიბაბადიმ გააკეთა. 

მან თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ ესხმის თავს". 

"ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან ჩვენი აქტიურები მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ისრაელი და აშშ, ან ამ ქვეყნების ტერიტორია არის გამოყენებული ირანის ისლამური რესპუბლიკის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმისთვის", - თქვა მან.  

5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".

აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".

გარდა ამისა, ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა.


close დახურვა