logo
ENG



ისრაელმა მძევლებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღამით ღაზაში ლოკალური რეიდები ჩაატარა

23 ოქტ 202313:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/r7034aixglcgcde.jpg

ისრაელის ძალებმა ღამით ღაზის სექტორში ლოკალური რეიდები ჩაატარეს და ის ძირითადად მიმართული იყო ჰამასის მიერ დატყვევებულ მძევლებზე ინფორმაციის მოპოვებაზე. ამის შესახებ თავდაცვის ძალების სპიკერმა, დენიელ ჰაგარის ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები კონცენტრირებული არიან იმ ობიექტების განადგურებაზე, საიდანაც ტერორისტები ომის შემდეგი ფაზისთვის ემზადებიან - მისი თქმით, ღამის განმავლობაში მათ 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ. ასევე, ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც ჰამასის წევრები იმალებოდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ღაზის სექტორში 222 ადამიანია მძევლად აყვანილი. თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია გატაცებულების ოჯახებს.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს მძევლები აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.

22 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელმა თქვა, რომ მძევლების გათავისუფლებისთვის მზად არიან, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს.


close დახურვა