იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი კლინიკაში გადაიყვანეს. საერთაშორისო მედიების ცნობით, ის სუნთქვით სირთულეებს უჩიოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
The Guardian-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ის მილანში, სან რაფაელეს კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. ბერლუსკონი იმავე კლინიკიდან პარასკევს გაეწერა, მას შემდეგ, რაც გამოკვლევები ჩაიტარა. 86 წლის მილიარდერს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთხელ შეექმნა პრობლემა. 2016 წელს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო 2020 წელს კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზებული იყო.
სილვიო ბერლუსკონი 1994-2011 წლების შუალედში იტალიის მთავრობას სამჯერ ხელმძღვანელობდა. ის არის იტალიის მოქმედი პრემიერის ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე კოალიციაში შემავალი პარტიის Forza იტალიის წევრი.