უვადო მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომის ავთენტურობის დასადასტურებლად მედია და პოლიტიკური წრეები მის ჯგუფელებს, კურსელებსა და ლექტორებს ეძებენ.
გენერალურ პროკურორს დღეს პარლამენტში ხმაურის ფონზე უსმენდნენ, თუმცა, ვერ მოისმინეს ვერაფერი, რაც მის იურიდიულ კვალიფიკაციას დაადასტურებდა.
9-საათიანი გასაუბრება გენერალურ პროკურორთან პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. თადუმაძესთან შესახვედრად პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. დიპლომის, ნიშნების, მხატვრული ლიტერატურის გარდა, ხმაური გამოიწვია თადუმაძის განცხადებამ კითხვაზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა სტატუსს ეხებოდა. უვადო მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, ჯერ კიდევ დასადგენია, ვისგან მიადგათ ზიანი მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს.
გადაინაცვლებს თუ არა ქვეყნის მთავარ სასამართლოში მთავარი პროკურორის სავარძლიდან - ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც პარლამენტი ოცივე მსურველთან გასაუბრებას დაასრულებს და კენჭს უყრის მათ კანდიდატურებს.