logo
ENG



კალანდარიშვილი საარჩევნო კოდექსზე: აპელირება, რომ ცესკო-ში გავლენები გაძლიერდება, უსაფუძვლოა

20 თებ 202421:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/378r2nm7oshwsky.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი "საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის და რეპუტაციის დისკრედიტაციას" უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სხვადასხვა ჩართული მხარეებისგან ბრალდებები, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონის დამტკიცების შემდეგ, გაძლიერდება "მმართველი პარტიის ან რომელიმე პარტიის გავლენები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში, უსაფუძვლოა".

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის შეფასება და გადაწყვეტილება არ განეკუთვნება საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების ნაწილს და საგანს, ამ განცხადებებში და სხვადასხვა ჩართული მხარის შეფასებებში გარკვეულწილად იკითხება ისეთი შეფასებები, შეიძლება ითქვას მადისკრედიტირებელი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მისი რეპუტაციის, რომელიც რა თქმა უნდა, შეიძლება განვიხილოთ ჩვენ გარკვეული არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნის მცდელობად ინსტიტუციასთან მიმართებაში, ვინაიდან, საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას და იგივე თავმჯდომარეს, თუ ნებისმიერ სხვა 16 წევრს კომისიურ გადაწყვეტილებებზე აქვთ იგივე გავლენა, რაც თითო აღებულ წევრს, შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მმართველი პარტიის ან სხვა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ იყო ან კიდევ უფრო გაძლიერდება ეს გავლენები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში, არის უსაფუძვლო", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, "შეფასებები უსაფუძვლოა" და არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც მიუთითებს "პირადად მისი, თუ კომისიის სხვა პროფესიული წევრების მიკერძოებაზე".

"საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა გამჭვირვალედ და ღიად, განსაკუთრებით ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში შევცვალეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულების საკითხები. მე, იგივე პრეზიდენტთან, თუ სხვა ჩართულ მხარეებთან მიმართებაში ვნახეთ ის, რომ შეფასებები არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს დღეს რაიმე არგუმენტი, ხელმოსაჭიდი გარემოება, რომელიც მიუთითებს პირადად ჩემი, თუ კომისიის სხვა პროფესიული წევრების მიკერძოებაზე და დამოუკიდებლობის რაიმენაირად შელახვის მცდელობაზე, აქედან გამომდინარე, აპრიორი მომავალში იმ მოლოდინების შექმნა, თითქოს ადმინისტრაცია იქნება დაქვემდებარებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვერტიკალს, ეს რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

***

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი 81 ხმით მიიღეს, 6 დეპუტატი კი მის წინააღმდეგ წავიდა. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

ცვლილებების მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონს ვეტოს დაადებს.

კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.


close დახურვა