ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ სირიასთან ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, სირიასთან ასოცირების შეთანხმებაში ადამიანის უფლებებთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხიც უნდა აისახოს.
ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიასთან ურთიერთობის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში არსებულ ვაკუუმს სხვა აქტორები შეავსებენ.
კალასის განმარტებით, ევროკავშირი განიხილავს 2008 წელს მოლაპარაკებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს თანამშრომლობის ჩარჩოს შეუქმნის. პარალელურად კი დაიწყება მუშაობა შეთანხმების მოდერნიზებისთვის ახალი მანდატის შემუშავებაზე.
„გვაქვს თუ არა წევრ სახელმწიფოებთან ერთი და იგივე მიზანი? დიახ. ყველამ განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, არსებულ ვაკუუმს სხვა აქტორები შეავსებენ.
ახლა საკითხი შეთანხმების სტატუსს ეხებოდა. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2008 წელს მიმდინარეობდა, რაც საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. ამიტომ დაისვა კითხვა, ხომ არ უნდა შეგვეტანა მასში ცვლილებები.
როგორც იცით, ევროკავშირი ასე მუშაობს - გადაწყვეტილებების მიღებას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ კომპრომისული გამოსავალი იქნება 2008 წლის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ეს მოგვცემს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ ყველა იმ საკითხზე მუშაობას, რომელიც ჩვენთვისაც და მათთვისაც მნიშვნელოვანია. პარალელურად კი საბჭოსთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მოდერნიზებული შეთანხმებისთვის ახალი მანდატის შემუშავებაზე.
წევრი ქვეყნების მინისტრებმა არაერთი საკითხი წამოჭრეს. მათ შორის, აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, შეთანხმებაში უნდა აისახოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი - იმ ტერიტორიების, რომელთა დამოუკიდებლობაც ასადის რეჟიმმა აღიარა. წევრმა სახელმწიფოებმა სხვა საკითხებიც წამოაყენეს.
ახლა სამუშაო ჯგუფებში ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე ვმუშაობთ, თუმცა ამ პროცესში წინ მივიწევთ.
რაც შეეხება უსაფრთხოების არქიტექტურას, თუ დავფიქრდებით იმ შეთანხმებებზე, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველი გახდა, მათ შორის იყო რუსეთიც. ვგულისხმობ ჰელსინკის საბოლოო აქტს, პარიზის შეთანხმებასა და ბუდაპეშტის მემორანდუმს. ჩვენ რამდენიმე ასეთი შეთანხმება გვაქვს.
პრობლემა თავად შეთანხმებებში არ არის და არც იმაში, თუ სად დგას უკრაინა ამ საკითხში. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ამ შეთანხმებებს არღვევს და მათ პირობებს არ ასრულებს. შესაბამისად, მთავარი კითხვაა: როგორ აღვადგინოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა?“ - განაცხადა კაია კალასმა.
