logo
ENG



კალაძე: კერძო საკუთრებას არ ვეხებით, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოვახდინეთ

16 სექ 202016:46
3 წუთის საკითხავი
clock 771
2ce6efknt6fg72f.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ნაძალადევის რაიონში შენობების დემონტაჟი კერძო საკუთრებას არ ხელყოფს, რადგან ისინი უკანონოდ მიტაცებული მიწების დაკანონების მიზნით იყო აშენებული.

"ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ. დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული კონკრეტული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ. მოსახლეობამ გაფრთხილების მიუხედავად, შენობების დემონტაჟი არ განახორციელა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი ადგილები, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თავს ვიკავებ, კონკრეტული ადამიანების არსებული მდგომარეობა წარმოვადგინო. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებას ინდივიდუალურად, ყველა იქ მყოფი ადამიანის არსებულ მდგომარეობას წარვუდგენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

15 სექტემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, რეხის I ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ინპექცია ამბობს, რომ შენობები უკანონოდ იყო აშენებული.

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა", - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ადგილობრივი მოქალაქეების პროტესტი და ერთი პირის დაკავება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 173-ე მუხლით განხორციელდა.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, სადაც მათი საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა.

დაზარალებული მოქალაქეები თბილისის მერ კახა კალაძესთან ითხოვენ შეხვედრას, რადგან ისინი უსახლკაროდ არიან დარჩენილები და თავშესაფარი არ აქვთ.


close დახურვა