logo

კალაძე: დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი, ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა

20 აპრ 202100:33
3 წუთის საკითხავი
clock 293
კალაძე: დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი, ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა. 

როგორც კალაძემ Facebook-ზე დაწერა, მას იმედი აქვს, რომ ყველა პოლიტიკოსი პრიორიტეტებს სწორად დაალაგებს. 

"საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი. ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ.

ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს "საქართველოს წინსვლის გზად", - წერს კახა კალაძე და ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა. 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ. 

ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

close დახურვა