logo

კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ჩატარდა სამუშაოები, რამაც შედეგი გამოიღო

28 აპრ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock 108
კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ჩატარდა სამუშაოები, რამაც შედეგი გამოიღო

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში პრევენციული ღონისძიებების ჩატარებამ შედეგი გამოიღო.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშოების შედეგად მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა.

"ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურა ასევე გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც ამ პროექტის მოწესრიგებაში და განხორციელებაში არიან ჩართულები. სამუშაოების შედეგად, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა. დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და დაკვირვებისას იძლევა ზუსტ ინფორმაციას", - აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები იმისთვის, რომ საბოლოოდ შეწყდეს მეწყრული პროცესები.

"ამჟამად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ფერდის გამაგრების პროექტისთვის, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, მაშინვე იქნება ორმხრივი მოძრაობა აღდგენილი", - განაცხადა კალაძემ. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.

close დახურვა