logo

კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე: კონკრეტული არეალი მზადდება შემდეგი ეტაპისთვის

01 მაი 202115:54
3 წუთის საკითხავი
clock 206

თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყრის ტერიტორიაზე სამუშაოები ახალ ეტაპზე გადადის. 

კალაძის განმარტებით, პროექტი მალე იქნება მზად და, შესაბამისად, სამუშაოების შემდეგი ეტაპიც დაიწყება.

„პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე გამოეხმაურა 30 აპრილს მოსულ უხვ ნალექსა და შესაძლო საფრთხეებსაც - მისი განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მდგომარეობა არ შეცვლილა და ამაზე გავლენა გუშინდელ წვიმას არ მოუხდენია.

„გუშინ დედაქალაქში უხვი რაოდენობის ნალექი მოვიდა. პირველივე წუთებიდან კონკრეტულ ლოკაციებზე იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს, დილას დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით
რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს", - ამბობს კალაძე.

 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.

close დახურვა