თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში "ცუდს ვერაფერს ხედავს" და აცხადებს, რომ შეიძლება ეს "კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის".
"თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც მიმოსვლაში"- ამბობს კალაძე.
გუშინ, 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.