თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არასწორია, თითქოს, უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
კალაძის თქმით, მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრებიან და ევროპარლამენტარებს მიაწვდიან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას.
„საარჩევნო წელი რა შუაშია?! თუ ადამიანს აქვს დანაშაული, ამის ფარგლებში პასუხისგება გვიწევს. ადამიანურად რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა. ადამიანურად არ მიხარია, მაგრამ ვიცით რა დანაშაულს ეხება საქმე. ისიც არასწორია, რომ თითქოს, ორჯერ გასამართლდა ერთსა და იმავე საქმეზე. პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ჩვენ მივემგზავრებით სტრასბურგში, შევხვდებით ევროპარლამენტარებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ განაცხადა, რომ მისი შეცდომა იყო, როდესაც განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე უგულავას აღიარებითი ჩვენება ჰქონდა მიცემული.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.