logo
ENG



კალაძე Inter Rao-ზე: სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა

02 დეკ 202109:48
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული ინტერ რაოს სასარგებლოდ სტოკჰოლმის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებულ ჯარიმაზე ამბობს, რომ ამით სახელმწიფოს დავა არ წაუგია და სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, რასაც გაასაჩივრებენ.

კალაძის თქმით, ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა და მისი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა.

"ეს არის 2003 თუ 2007 წელში გაფორმებული ხელშეკრულება, წინა ხელისუფლების დროს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ვიცავდით ამ ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს.

რაც შეეხება დავას, სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს არის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, რადგან მოთხოვნა იყო 200 მილიონზე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მაშინ უნდა ამეღო პასუხისმგებლობა, ხელი მომეწერა 200 მილიონის გადახდაზე, რასაც რა თქმა უნდა არ გავაკეთებდი და არ გააკეთებდა არცერთი ჩემი თანამშრომელი, შესაბამისად, ახლა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ეს სარჩელი, თუმცა, რა თქმა უნდა, გასაჩივრებული იქნება" - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე

საქართველოს რუსული ინტერ რაოს სასარგებლოდ $80 500 000-ის გადახდა დაეკისრა. 

საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დაავალა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ინტერ რაო 200 მილიონს ითხოვდა, არგუმენტების წარდგენის შემდეგ კი თანხა 80 მილიონამდე შემცირდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დავა გრძელდება, თუმცა, მანამდე, ერთ-ერთი რუსული ტელეარხი ავრცელებდა ცნობას, რომ წერტილი დაესვა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ინტერ რაოს და საქართველოს ხელისუფლებას შორის ენერგეტიკულ სფეროში არსებულ მრავალწლიან დავას.

"სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც ინტერ რაოს ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას $200 000-ის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა $80.5 მილიონი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე". - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო. 

დავა 2017 წელს დაიწყო. ინტერ რაო 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურების ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.

 

close დახურვა