logo
ENG



კალაძის თქმით, ვარკეთილის შემდეგ ახმეტელთან მყოფი გარემოვაჭრეებიც უნდა გადავიდნენ ბაზრობაზე

13 აპრ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
კალაძის თქმით, ვარკეთილის შემდეგ ახმეტელთან მყოფი გარემოვაჭრეებიც უნდა გადავიდნენ ბაზრობაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის შემდეგ ახმეტელის მეტროსთან მყოფი გარემოვაჭრეებიც უნდა გადავიდნენ ბაზრობაზე. თბილისის მთავრობის სხდომაზე მან გლდანის რაიონის გამგებელსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება სთხოვა. 

"ამჯერად, კიდევ ერთ პროექტს დავაანონსებ - მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ. მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ პარალელურად, დაიწყოს მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება.

"ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია, ჩასასვლელები, ასასვლელები მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. დღეს არსებული მდგომარეობა არავისთვის მისაღები არ არის. ამ ადგილებში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ ცივილურად და ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გააკეთონ, სადაც ეს ნებადართულია. ჩვენ გარემოვაჭრეებს ყველანაირად დავეხმარებით", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 


close დახურვა