კალიფორნიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტყის მეორე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია ერთდროულად შტატის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში მძვინვარებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლოს-ანჯელესის მახლობლად, ქალაქ სანტა-კლარიტაში.
სტიქიის ზონიდან 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დამწვარია 50-მდე საცხოვრებელი სახლიც. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს, რომელიც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ხანძრის შემთხვევითი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ელექტროენერგიის მიწოდება 200 ათასამდე ოჯახს შეუწყდა.