logo
ENG



კამალა ჰარისს კანდიდატურის წარსადგენად დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა აქვს

23 ივლ 202409:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/2o6p0rev594x8r9.jpg

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დელეგატების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტს სულ მცირე 2 579 დელეგატი უჭერს მხარს. იმისათვის, რომ ჰარისი კანდიდატი გახდეს სულ მცირე 1976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო. ჰარისის კანდიდატურის სიმყარეზე წერს CNN-იც. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მათი დათვლები ეფუძნება დელეგატებისა და შტატების დელეგაციების საჯარო განცხადებებს, ასევე დელეგატებთან პირად საუბრებსა და საკუთარ მასალებს.

ეს რიცხვი საბოლოო არაა და საჯარო მხარდაჭაც კანდიდატურას არ ნიშნავს, რადგანაც დელეგატებმა ჰარისის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ პარტიის ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიმართება.

თავად ჰარისმა განაცხადა, რომ ფართო მხარდაჭერის მოპოვებით ამაყია.

"მოუთმენლად ველი, რომ უახლოეს მომავალში ნომინაცია ოფიციალურად მივიღო".

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიას ეთიშებოდა, ჰარისის კამპანიაში შემოწირულებების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. დემოკრატიული პარტიის წამყვანმა სახეებმა კი ვიცე-პრეზიდენტს მაშინვე დაუჭირეს მხარი.

რამდენიმეკვირიანი განხილვებისა თუ მოწოდებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. თავისი გადაწყვეტილება მან მოსახლეობას წერილობითი განცხადებით აცნობა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია 21 ივლისს დაასრულა. ბაიდენი 81 წლისაა და მის ფიზიკურ აქტივობებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. დემოკრატიული პარტიის პარტნიორები, წამყვანი სახეები თუ დონორები კულისებში სვამდნენ კითხვებს, რამდენად შეეძლო ბაიდენს ტრამპის დამარცხება.

ბაიდენი ამბობდა, რომ კამპანიის დასრულებას არ აპირებდა, თუმცა კოვიდის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა თავისი ახალი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. როგორც პრეზიდენტმა ახსნა, მისი განზე გადგომა ქვეყნისთვის სასიკეთო, სწორი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.


close დახურვა