logo
ENG



კანდელაკი: ოცნების წარმომადგენლები ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

12 ნოე 202017:26
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/fia545qhe6hueq1.png

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, მარნეულის 65-ე საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის დროს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ეუთო-ს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

კანდელაკი ამბობს, რომ უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ საკრებულოს თანამშრომელმა ელშან გასანოვმა ​რამდენიმე ათეული ბიულეტენი შეიტანა, სადაც 41 ნომერი იყო შემოხაზული და თქვა, რომ ისინი იატაკზე იპოვა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ეუთო-ს დამკვირვებელმა გააპროტესტა, რის გამოც უბანზე მყოფი ოცნების წარმომადგენლები დაემუქრნენ, საბოლოოდ კი ბიულეტენები მაინც მმართველი გუნდის ხმებს მიუმატეს.

"უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა, დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო კირა კაურინკოსი, ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს საერთოდ? ამ ბიულეტენებში შემოხაზული იყო 41. ამ დროს ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა, საბოლოო ჯამში, მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა. 


close დახურვა