„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც კაპანაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, ეს პროცესები მალე დამთავრდება და მალევე ოპოზიცია გადავა რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმებაზე.
ასევე სერგი კაპანაძის განცხადებით, რამდენიმე რეგიონში ოპოზიციას შორის შეთანხმება არ იქნება, ვინაიდან როგორც კაპანაძე აცხადებს, ყველა ოლქში შეთანხმება მიზანშეწონილი არ არის.
„კარგია, რომ ეს რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეებში იყო გუშინ შეიცვალა, კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნაციონალური მოძრაობის მიერ. ამან გაზარდა შანსები, რომ უახლოეს დღეებში შეთანხმება მოხდეს თბილისში დანარჩენ მაჟორიტარულ ოლქებზე. კონსულტაციები უკვე დაწყებული არის, კიდევ გაგრძელდება შემდეგი, რამდენიმე დღის განმავლობაში და მე მაქვს იმედი, რომ ძალიან მალე მოხდება საბოლოოდ შეთანხმება ამ სიაზე და ასევე მაქვს იმედი, რომ მერე გადავალთ და მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრებშიც მოხდება მაჟორიტარების შეთანხმება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბუნებრივია არის რეგიონები, სადაც შეთანხმება არც არის მიზანშეწონილი, გამომდინარე სპეციფიკისა იმ რეგიონების. იქ რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკურ ძალას ეყოლება თავისი კანდიდატი და იმედი მაქვს რომ ესეც იქნება ტაქტიკური გზა რითაც იქნება უზრუნველყოფილი მეორე ტური და შემდეგ გაიზრდება შანსი დამარცხების“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.