გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" ცდილობს მმართველ გუნდს საბაბი არ მისცეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესში.
„როცა შვილს ვპირდები რაღაცას, ვცდილობ, ის შევასრულო და როდესაც ერს დაპირდები, საზოგადოებას და გამოხვალ საზეიმო სახით და ამას ვაკეთებო, მერე კამპანია გაქვს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თან როგორი კამპანია რომ მათი იდეაა, ჩვენ კი არ ვაიძულეთ, არამედ მათი იდეაა. ამის მერე ამაზე უარის თქმა, რამდენიმე ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუქმნის უხერხულობას. მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი ამბავი იმ კადრში იყო, რომ თქვა ბატონმა ვოლსკიმ მოდი გადავდოთო, რადგან არ გვაქვს ხმებიო. ჩვენი პოზიციაა, რომ არ მივცეთ ამის ელემენტარული საბაბიც კი," - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპორციულ მოდელზე. საკითხის კენჭისყრა გადაიდო და ის ხვალ, 14 ნოემბერს შედგება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროს წელავს და სურს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ეს ეჭვები კი გამოიწვია მმართველი გუნდის რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებამ, რომლებმაც 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და იმ შემთხვევაში თუ პარტიაში აზრის შეცვლას აიძულებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებენ.