logo

კარანტინის მესამე დღე და წყლის გარეშე დარჩენილი მარნეულის მოსახლეობა

clock 25 მარ 202020:33

კარანტინის მესამე დღე და წყლის გარეშე დარჩენილი მარნეულის მოსახლეობა. რეკომენდაცია, რომელიც ერთი შეხედვით უმარტივესია, თუმცა ყველაზე ეფექტიანი და ვირუსის ერთ წუთში განადგურება შეუძლია, - ხელების დაბანაა. ეპიდემიის ეპიცენტრში მცხოვრებ მოქალაქეებს კი ამის შესრულება ფიზიკურად არ შეუძლიათ. წყალი მარნეულის მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ დრომდე პრობლემად რჩება პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტი.

ეპიდ ზონაში მოსახლეობას სურსათის შეძენაც უჭირს, პროდუქციაზე გაზრდილი ფასების გამო. ბოლნისსა და მარნეულში 20.000 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა არა სწრაფი ტესტებით. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, კარანტინის ზონებში ტესტები ჯერაც არ შეუტანიათ. ნიკა საჯაიას ვრთავთ ბოლო ინფორმაციით მარნეულის მისადგომებიდან, ნიკა, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვიცოდით, რომ სწორედ მარნეულით და ბოლნისით უნდა დაიწყოს სწრაფი ტესტებით დიაგნოსტიკა, რა ხდება ამ მიმართულებით და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას? 

ეგრეთწოდებული „წყლის დღეს“ ონკანებში მომდინარე წყალი ხშირ შემთხვევაში სასმელად ვარგისი არაა. ეპიდემიის გავრცელების პირობებში, მაშინ როდესაც ქალაქი ვირუს ებრძვის, მოსახლეობას სასმელი წყლის ყიდვა უწევს. პრობლემების ფონზე ქალაქში დარჩენილი სტუდენტები და მომავალი ექიმები, მოხალისეებად მოსახლეობაში კარდაკარ დადიან და ვირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. 

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, კარანტინის ზონაში და დეფიციტშია სამედიცინო სადეზინფექციო ხსნარები და პირბადე, იმ აფთიაქებში კი სადაც შესაძლებელია ყიდვა, ფასი გაორმაგებულია, გაძვირებულია პროდუქტებიც.

მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას ცდილობს, კარანტინში მოქცეულ მუნიციპალიტეტში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება, პროდუქტების დეფიციტს და ფასების ზრდას მერის თქმით, ამ მიმართულებით ქალაქს პრობლემა არ აქვს.

მკაცრი კარანტინის და აკრძალვების ზონაში, სანამ მოსახლეობას პრობლემების წინაშე გამკლავება თავად უწევთ, მარნეულიდან უკვე კორონავირუსით დაინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევაა. მოსახლეობას ყოველდღე ამოწმებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხევაში ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა