logo
ENG



კასპის სპეცოპერაციისას დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს პატიმრობა შეუფარდეს

18 იან 202122:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/18/vz7tums1vkezphm.png

გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატ ქეთევან გაგლოევის განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

გუშინ, 17 იანვარს მენაბდიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე და იყენებს დუმილის უფლებას. დაკავებული შიმშილობას დღესაც აგრძელებს და უარს აცხადებს პრეპარატების მიღებაზეც.

ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი მენაბდიშვილმა გუშინ, 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ოჯახის წევრების თქმით, მას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო.

ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს, თუმცა, უშედეგოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყებაში გამოძიება დაწყებული იყო ყოფილი პოლიციელის მიმართ მუქარის ბრალდებით.


close დახურვა