logo
ENG



კგბ-მ ხელში ვაჟა გაფრინდაშვილის პირადი ინფორმაცია ჩაიგდო

21 ნოე 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
o26voylstctkfst.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ წრეებში ხელისუფლებისგან მეტ განმარტებას ითხოვენ მთავარ კითხვაზე - როგორ უთვალთვალებდა საოკუპაციო რეჟიმის უშიშროება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეს და თანამშრომლობს თუ არა კაგებე-სთან სუს-ი. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უფლებადამცველებს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით აქვთ.

არასამთავრობო სექტორში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. შესაძლოა, გატაცებული ექიმის პირადი სატელეფონო საუბრები, გადაადგილების მარშრუტი და საბანკო ტრანზაქციები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.-მა უშიშროებამ ხელში თავად ჩაიგდო ან ეს ინფორმაცია მათ საქართველოს სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. ყველა შემთხვევაში, იურისტები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უნდა აიღოს და ახსნა-განმარტება გააკეთოს. უფლებადამცველების განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის შემდეგ, ეჭვქვეშ დგება საქართველოს მოქალაქეებისა და მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. არასამთავრობო სექტორში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთალის საქმე გაიხსენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილ ინფორმაციას ავრცელებს და  რომ საქმის გასაჯაროებული მასალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ დაწყებული პროცესის გაგრძელებაა.

საქართველოს მთავრობის წევრები პოლიტიკოსებს და მედიას საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. ქართველი ექიმის დაკავებიდან მეცამეტე დღეს მთავრობა მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებს, რომ ყველაფერს აკეთებენ ექიმის გასათავისუფლებლად. როგორ და რატომ უთვალთვალებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს და რა გზით მოპოვებულ მასალებს იყენებენ ქართველი ექიმის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, მეტ ახსნა-განმარტებას ელოდებიან სახელმწიფო უწყებებისგან ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები.  

მთავრობის განცხადებების მიუხედავად, ქართველი ექიმის საქმე სავარაუდოდ კიდევ უფრო მძიმდება, ფორმულა ნიუსთან კონფიდენციალური ოსური წყაროები ადასტურებენ,რომ რეჟიმის კგბ-ს მხრიდან საქმის მასალების ასეთი შეკერვა, სწორედ იმის მიმანიშნებელია,რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უახლოეს მომავალში  გათავისუფლება ვერ მოხერხდება.


close დახურვა