logo
ENG



კვლავ უცნობია, როგორ აღნიშნავს საქართველოს ეკლესია აღდგომას

04 აპრ 202019:54
3 წუთის საკითხავი
clock 403

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვა დღეს ყველა ტაძარში დაირღვა. მიუხედავად აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეული წევრების განცხადებისა, რომ კანონი ერზეც და ბერზეც ვრცელდებოდა, ბერი დღესაც გამონაკლისი აღმოჩნდა. მღვდელმსახურები რეკომენდაციებს ემორჩილებიან, თუმცა მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელიც საპატრიარქომ გამოსცა. საერო ხელისუფლების განკარგულება დღეს ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩა. თუმცა არიან ისეთ ღვთისმსახურებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ეკლესიის დახურვას არ გამორიცხავენ. 

2-მეტრიანი დისტანცია, ეკლესიის გარეთ თეთრად მონიშნული ადგილები, ჰიგიენის დაცვა და სტიქაროსნები, რომლებიც მრევლის გადაადგილებას აკონტროლებენ - ეკლესია პატრიარქის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებს, თუმცა მთავრობას არ ემორჩილება. წესი, რომლითაც 3 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალა, დღეს ყველა ეკლესიაში დაარღვიეს, მათ შორის სამების საკათედრო ტაძარშიც. 

მრევლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც სახლში დარჩენის შესახებ მოწოდება ეკლესიაზე არ ვრცელდება. მათთვის როგორც ზიარების წესის შეცვლა, ისე ეკლესიის კარის დროებით დაკეტვა მიუღებელია და მრევლისთვის გამონაკლისების დაშვებას ითხოვენ. 

რაც შეეხება იმ მინისტრების ჩამონათვალს, რომლებიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილ წინა რიგებს არ დაიკავებენ, პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა. გახარიას მსგავსად, დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც სჯერათ, რომ ეკლესია გამოსავალს მოძებნის და სააღდგომო მსახურების დროს მრევლის თავშეყრას აიცილებს. 

ზიარების წესი რომ არ შეიცვლება, სინოდი ამაზე დიდი ხნის წინ შეთანხმდა. თუმცა უცნობია, შეიცვლება თუ არა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციული წესი. ამ საკითხზე სინოდში ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობენ. 


close დახურვა