logo
ENG



კინოთეატრ ამირანთან რადიკალური ჯგუფები აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ

10 ნოე 201911:07
3 წუთის საკითხავი
 
5jr5j8qtn9pupu9.jpg

კინოთეატრ ამირანთან რადიკალური ჯგუფები აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გამოფენას და მაყურებლის ამ ფორმით გაფრთხილებას გეგმავენ. იმ შემთხვევაში კი თუ, ტერიტორიაზე პოლიცია არ იქნება, ჩვენების ჩაშლასაც აპირებენ.

„ჩვენ ვაპირებთ მცირე რაოდენობით ვიდგეთ. პლაკატები დავბეჭდეთ რამოდენიმე მიზეზის გამო. ერთი - რომ ვიღაცის შვილი დაინახავს ამ პლაკატს დაფიქრდება და კინოზე არ შევა, მეორე - ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ვიმუქრებით. თუ პოლიცია წავა ჩვენ ფილმის ჩვენებას ჩავშლით და მესამე - პოლიცია რახან დგას ეს ამხელს მთავრობას. პოლიცია რომ არ იყოს,  კინო არ გავიდოდა,“ - განაცხადა ქართული მარშის აქტივისტმა გურამ ფალავანდიშვილმა.

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვასაძის განცხადებით, ის, რასაც ისინი აკეთებენ, არის ძალიან წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, რასაც დღეს ვაკეთებთ და რასაც ხვალ გავაკეთებთ, არის ძალიან წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია ამ გარყვნილების უარყოფისა და არმიღებისა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ქმედების შედეგად ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი, რა არის ცუდი და გააკეთებს სწორ არჩევანს,“- აცხადებს ლევან ვასაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოთეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება, მესამე დღეა ჰომოფობიური აქციების ფონზე მიმდინარეობს. აგრესიული ჯგუფები კინოჩვენებების ჩაშლას უშედეგოდ ცდილობენ. ისინი სხვადასხვა გეგმას განიხილავენ, თუ როგორ მოხვდნენ კინოთეატრში და შეუშალონ ხელი ჩვენებებს. ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებსა და და სამოქალაქო აქტივისტებს; ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს ანა სუბელიანს, ხოლო „ტაბულას“ რეპორტიორს ხელით შეეხნენ და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.


close დახურვა