logo
ENG



კოალიცია: მაღლაფერიძის არჩევა ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი მაუწყებლის შექმნის იდეას

11 აპრ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/0a2gjpdwnrnyi1b.png

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში

"კოალიცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ვასილ მაღლაფერიძის ხედვაზეც, რომლითაც ის საჯაროდ ამბობს უარს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი 30.1.ზ. მუხლით დაკისრებული ფუნქციის შესრულებაზე, გენერალური დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები. მისი მოსაზრებით, კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს, რაც ეწინააღმდეგება სამეურვეო საბჭოს მნიშვნელოვან ფუნქციას.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. მიიღონ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებელი შინაარსის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 11 აპრილს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძეს წარადგენს.


close დახურვა