logo
ENG



კოალიცია ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

27 სექ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
კოალიცია ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს. 

წევრი ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ გამოიყენოს "ინსპექტირების" მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინსპექტორის სამსახური ახდენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის შემოწმებას.

კერძოდ, იგი უფლებამოსილია შევიდეს შეზღუდული დაშვების არეალში, გაეცნოს ტექნიკურ ინსტრუქციებს, მათ შორის სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა.

სხვაგვარად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს სათანადო შესაძლებლობა, რათა შეისწავლოს, ხომ არ მოხდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენება 14 სექტემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, ხაზს უსვამს შესაძლო დანაშაულის ნიშნებსა და საკუთარი კომპეტენციის ლიმიტებზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო ინსპექტორს: 

  • გამოიყენოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. 
  • ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლიდან დღემდე ე.წ. “მოსმენების საქმესთან” დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის გადაწყვეტისთვის.

close დახურვა