logo
ENG



კოალიცია ცვლილებებისთვის მელიაზე თავდასხმაზე: ქართული ოცნება დამარცხებული ძალაა

11 აგვ 202423:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/11/gkdj1bzdt9m144i.jpg

კოალიცია ცვლილებებისთვის - ახალი, გირჩი, დროა ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება. მათი თქმით, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, დაუპირისპირდნენ ხალხის ნებას, ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას. რაც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში.

ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია - 26 ოქტომბერს ქართული ოცნება დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას.

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.

ქართული ოცნება არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 11 აგვისტოს ნიკა მელიას სამტრედიაში დაესხნენ თავს. ის პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც უცნობი პირი მიუახლოვდა და დაარტყა.

 

close დახურვა