ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კრიტიკულ არხებზე მისვლა პრობლემა არ იქნება, თუმცა ამის შესახებ გუნდის შიგნით უნდა იმსჯელონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"თქვენ გახსოვთ, ჩვენი მხრიდან გადაიდგა ეს ნაბიჯი [კრიტიკულ ტელევიზიებში მისვლა] შარშან, დაახლოებით, ერთი წლის წინ, თუმცა თქვენი მხრიდან გადაიდგა საპირისპირო ნაბიჯი. ჩვენ მზაობა ყოველთვის გვაქვს. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ამიტომ ნებისმიერი დებატები ნებისმიერ პლატფორმაზე არის ჩვენს ინტერესებში", - თქვა კობახიძემ.
კითხვაზე მიწვევის შემთხვევაში, მივა თუ არა კრიტიკულ არხზე, კობახიძემ უპასუხა:
"მე მგონია, რომ ამ კუთხით ჩვენ პრობლემა არ გვექნება, მაგრამ გუნდში უნდა განვიხილოთ".
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არიან, "ოპოზიციის მიერ მართულ" ტელევიზიებში მივიდნენ.