პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ეხმაურება, რომლით მიხედვითაც, ღირსების ორდენით 40 ადამიანია ჯილდოვდება.
კობახიძის თქმით, "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება გადაწყვიტა". როგორც ის ამბობს, შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფეხბურთის ფედერაციასთან და ნაკრებთან კონსულტაციების შემდეგ გაგზავნეს.
"როცა ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისთვის, რომ გუნდში რამე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. ძალიან სამწუხაროა ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლესაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში.
მაგალითად, არის ალექსანდრე იაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები. არის ასევე, ტექნიკური ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე, უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ პრეზიდენტის განსახილველად სწორედ კონსულტაციების საფუძველზე", - ამბობს კობახიძე.
***
13 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესაბამისი აქტისთვის ხელი არ მოუწერია.
საქართველოს პრეზიდენტმა კი იმავე დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დეზინფორმაციას უწოდებდა ცნობებს, თითქოს უარს აცხადებდა საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
ამავე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა, ჯილდოები კი მათ სექტემბრის დასაწყისში, ორბელიანების სასახლეში გადაეცემათ. მის მიერვე გამოქვეყნებულ განკარგულებებში ღირსების ორდენით ჯამში 40 ადამიანის დაჯილდოვდება. ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის თქმით კი, დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტს გაუგზავნეს, 53 ადამიანია წარდგენილი.
გუშინ, 16 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ "ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგები გამოტოვა".
კალაძეს მალევე გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მისი განცხადება პრეზიდენტის, როგორც პიროვნული, ისე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგ მცდელობად შეაფასეს.
ადმინისტრაციის თანახმად, "ეს მავნებლური საქციელია, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ".
განცხადება გაავრცელა ფეხბურთის ფედერაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ ღირსების ორდენებით დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ წარდგენილი შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას.
ღირსების ორდენის მიღების კანდიდატთა სიაში არ არიან: ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაზა ზამთარაძე, გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.