logo
ENG



კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

16 ნოე 202614:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/16/erk8pzs8zdk3v4y.png

სასულიერო პირების მხრიდან კრიტიკაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია.

მისი თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ და ისაუბრონ მათთან, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.

მან ასევე ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან მეუფე იობის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით ლაშა ნაცვლიშვილს "ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ აქვს. 

"პირველ რიგში, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ.

ჩემთვის ზოგადად ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები არის მიუღებელი. რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, მე ვიტყოდი, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები.

თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ე.წ ენჯეოები, "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან დაგვეცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს არის ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებში.

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს, როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად ჩვენ საჯარო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს", - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა.

მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე მის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტს ეხება. საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.

მოგვიანებით, მეუფე გიორგი ჯანმდელიანი გამოეხმაურა მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. მისი თქმით, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობა გააკრიტიკეს.

ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან, რაც მეუფეს [იობს] აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაში ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები", - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. 

 

 

 


close დახურვა