logo
ENG



კობახიძე: ტექნიკური ხარვეზები და ოქმებში დისბალანსი ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილი სცენარია

04 ნოე 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო ოქმებში არსებულ დისბალანსს ოპოზიციას აბრალებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ სადაც ტექნიკური ხარვეზია და ოქმებში ბალანსი დარღვეულია, ეს ოპოზიციის "წინასწარ დაგეგმილი სცენარია".

"მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ უნდა მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება, ბალანსი აღარ ჯდება.

მეორე მარტივი მანიპულაციაა ის, რომ როცა შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ის  ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ბალანსი არ ჯდება. სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეულია, ესაა [ოპოზიციის] წინასწარ დაგეგმილი რაღაც სცენარი, რომელიც განხორციელდა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება 1-2 ხმის უზუსტობას და არა უმეტესს", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე მტკიცებით, "ბალანსის დასმაზე" მან არჩევნებამდე ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რას აპირებდა "რადიკალური ოპოზიცია". 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 


close დახურვა