ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძე 7-8 მარტის აქციებსა და პრაიდფესტის ძალადობრივ ჩაშლას ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ მარტის აქციების დროს "ვანდალიზმის და ძალადობა" ბევრად უხეში ფორმებით იყო გამოხატული. კობახიძე აცხადებს, რომ ქრონოლოგიურად ჯერ 7-8 მარტის აქციის საქმე უნდა გამოიძიონ, შემდეგ კი 8 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები.
"ჯერ ქრონოლოგიურად უწევს 7-8 მარტის ძალადობას გამოძიება. ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა სათანადოდ, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა, ალბათ, დრო, გამოძიებულ იქნეს ლისზე მომხდარი მოვლენები.
7-8 მარტს იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის ადამიანებზე ძალადობის ფაქტი. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე, ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმის იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს, რუსთაველის თეატრს მიაწერეს ათასი სიბინძურე. ამის ნახევარიც კი არ მომხდარა ლისზე", - აცხადებს კობახიძე.
***
7-8 მარტს პარლამენტის წინ მოქალაქეები ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ღონისძიების დაწყებამდე ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ჰომოფობიური და პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ ფესტივალს ჩაშლიდნენ. ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ მათ დაარბიეს და დაწვეს კერძო საკუთრება, მოიპარეს ნივთები. დარბევის დროს არავინ დაშავებულა, რადგან ორგანიზატორებმა ფესტივალის ტერიტორიის დატოვება შეძლეს.