საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 20 ივნისის დღე მმართველი გუნდის შეცდომა იყო.
კობახიძემ 20 ივნისის ღამეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული უწოდა.
„20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო ნაციონალური მოძრაობის დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც უწყის. ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შეიკრიბებიან და ეს მათი უფლებაა“, - განაცხადა კობახიძემ.
გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.
20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.