logo
ENG



კობახიძე: 2 წელი გვიწევდა ბოიკოტის რეჟიმში მუშაობა, მიჩვეულები ვართ

10 დეკ 202018:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილი. 

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბოიკოტს წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს მიეჩვია და ოპოზიციას ისევ "რადიკალური" უწოდა. 

"რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტი. როცა მე-9 მოწვევის პარლამენტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ახორციელებდა, ჯამში რომ დავთვალოთ, 2 წლის განმავლობაში გვიწევდა ბოიკოტის რეჟიმში მუშაობა. ასეთია რადიკალური ოპოზიციის ბუნება და ზუსტად ეს უნდა დასრულდეს, და ეს აუცილებლად დასრულდება.. მიჩვეული ვართ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს. ხვალინდელ სხდომას რაც ეხება, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას - რომელ პარტიებს გულისხმობს ის, კობახიძემ ასე უპასუხა: "დაველოდოთ და ვნახოთ". 

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არ დაესწრება არც ერთი ოპოზიციური პარტია. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. ის აცხადებს, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარის თქმას და სიების განულებას გეგმავენ. 

 


close დახურვა