logo
ENG



კობახიძე თელავში მომხდარ სტიქიაზე: მშენებლობის ნებართვები ნამდვილად არასწორად იყო გაცემული

13 ივლ 202613:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/7v47vp9p1fg56ip.png

"ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა თელავში მომხდარ სტიქიაზე. კობახიძის თქმით, სტიქიის ადგილას მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული, რასაც შესაბამისი უწყებები დაადგენენ. 

"რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას. ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შსს, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვმა ნალექმა ძლიერი სტიქია გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, ხოლო მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დაიტბორა.

სტიქიის შედეგად წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში, ასევე დაიტბორა მაღაზიები, აფთიაქები და სხვა კომერციული ობიექტები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია.

 


close დახურვა