logo
ENG



კობერიძე:თუ დღეს ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მოვა, ის კანონს დაარღვევს

03 ივნ 202012:48
3 წუთის საკითხავი
clock 563

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რეგლამენტი ისევ დაარღვია. მინისტრი დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იყო დაბარებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა და ვიზიტის გადადება მოითხოვა. დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტებითი წერილი მინისტრს ერთი კვირით ადრე უნდა გადაეგზავნა და მისი ადრესატი უნდა ყოფილიყო არა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ ფრაქციის წარმომადგენლები.

 „თუკი ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს რეგლამენტის შესახებ. უკვე არა პირველად. ძალიან მძიმეა იმ ფაქტის ყურება, როდესაც მთავრობა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უამრავი ჯარიმის და სანქციის დაწესებას აპირებს მოქალაქეებისათვის და თვითონ, ელემენტარულად არ ასრულებენ კანონს, არღვევენ რეგლამენტს და არ მოდიან. პროფილური მინისტრი არ მოდის პროფილურ კომიტეტში სასაუბროდ იმ თემებზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობას აღელვებს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში მივა და შეკითხვებს უპასუხებს.

„მინისტრების პრემიერ-მინისტრის მოსვლა პარლამენტში არ გვიკვირს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. არაერთი მინისტრი მოსულა არაერთხელ და მათ შორის პრემიერიც. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ეკა აუცილებლად მოვა იმ რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც არის პარლამენტის და დარწმუნებული ვარ ის თავის ვალდებულებას შეასრულებს. უბრალოდ შესაძლებელია დღეს ვერ მოვიდა და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. მთავარია, რომ მოვიდეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მინისტრს დღეს ოთხ თემაზე სასაუბროდ იბარებდნენ. მათ შორის იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა,  თუ რამდენად მომზადებული ხვდება ეპიდემიის მეორე ტალღას ქვეყანა. ასევე 520-ე დადგენილება და სოცმუშაკების გათავისუფლების საკითხი. ამასთან დაკავშირებით ტიკარაძემ პარლამნეტში მხოლოდ მოკლე ახსნა-განმარტება გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე რეგლამენტს პირველად არ არღვევს. ის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში სამჯერ დაიბარეს, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ერთხელაც არ მისულა.


close დახურვა