საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ დღეს პარლამენტში საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივების მსჯელობის დროს აუცილებელი იყო პრემიერი გიორგი გახარია დასწრებოდა სხდომას.
კობერიძის თქმით, ეს გახარიასთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა.
„გახარია თავისი ვიზუალით არა მგონია, ჩემთვის გადამწყვეტი იყოს. იდგებოდა თუ არა ამის გამო დავაჭერდი მწვანეს, აქ მთავარია რას იტყოდა. თუმცა, პრემიერი როგორც ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ეს არის პოლიტიკური პოზიცია, მით უმეტეს საგანგებო სიტუაციის დროს. ვფიქრობ, დღეს მოსულიყო და თუ კი დალაგებული აქვს ყველაფერი, მეტ-ნაკლებად ხარვეზებით თუნდაც, უბრალოდ, ეს ინფორმაცია მოეყოლა, პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე დავსვამდით კითხვებს.
სხვა ქვეყნებში ნახეთ, ტრამპი დგას და ყველაფერზე ისაა პასუხისმგებელი. ის, რომ დღეს მოსულიყო, მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს გეგმები არ არსებობს“, - განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. სწორედ დღეს იმსჯელეს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ პარლამენტში - სხდომას პრემიერი არ დაესწრო.
31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათშორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.