„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI Georgian) ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების დაჯარიმების პრაქტიკას და აცხადებს, რომ უწყება ცენზორის როლს ასრულებს.
1 ოქტომბერს კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის მესამედ — ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ და კომისიონერებმა: ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა (ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე სხდომას არ ესწრებოდნენ).
ბოლო 6 თვის განმავლობაში კომისიამ კრიტიკულ მაუწყებლებს — „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ — მოხსენებითი ბარათები 7-ჯერ შეუდგინა. თავდაპირველად მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, შემდეგ თითოეული 2 500 ლარით, მოგვიანებით 5 000 ლარით, ხოლო 1 ოქტომბერს „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდოდ, შემდეგი ჯარიმა „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრება.
TI-ს განცხადებით, ეს პროცესი ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ კომისიას მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც გააჩნია.
პროსამთავრობო არხების („იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“) მონიტორინგის რეჟიმში მოქცევას ორგანიზაცია ფორმალურ ხასიათად აფასებს. TI აღნიშნავს, რომ კომისიამ შინაარსობრივი მონიტორინგი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „პოსტვ“ რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.
კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასა და ამბების პირადი დამოკიდებულებით გაშუქებას ედავება. 7 მოხსენებითი ბარათის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომისია ჯამში 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს (33 „ტვ პირველისთვის“, 68 „ფორმულასთვის“).
„რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „პოლიტიკური პატიმრები“, „რეპრესიული პოლიტიკა“;
„ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“;
„ივანიშვილის პრემიერი“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების ხელისუფლება“;
„უკანონო პატიმრობა“, „რეპრესიული კანონები“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“.
გარდა კონკრეტული ტერმინებისა, კომისია ჟურნალისტებისგან ამბების შეფასებისა და ანალიზისგან სრულად არაშეფასებით გაშუქებას მოითხოვს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაცემებში ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: არაფორმალურ დანაყოფებზე საუბარი, პოლიციის მხრიდან „აქტივისტებზე ნადირობა“, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა თუ მაღალჩინოსნების ვიზიტების შეფასება. კომისიის პოზიციით, ეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.
